პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს, 20 ივნისის დაზარალებული მაკო გომურიც იმყოფება.
გომური 1 წლის წინ მომხდარ ამბებს იხსენებს და ამბობს, რომ მას შემდეგ მოქალაქეების პროტესტი და მოთხოვნა არ შეცვლილა.
"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ თითქმის არ იცვლება ჩვენი მოთხოვნა და არ იცვლება ჩვენი სათქმელი. 20 ივნისი ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყო მძიმე, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ფიზიკური ზიანი არ მიადგა. ჩემთვისაც რთულია დღეს ისევ აქ დგომა. მგონია, რომ 1 წლის წინ მომხდარი ისევ გონებაში მიტივტივდება. ვცდილობ, რომ შევინარჩუნო სიმშვიდე და კარგად დავასრულო 20 ივნისი", - განაცხადა მაკო გომურმა "ფორმულას" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისს, როდესაც მოქალაქეები ოკუპაციასა და რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებდნენ, ხელისუფლებლამ მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რეზინის ტყვიის გასროლის შემდეგ, მაკო გომური იყო ერთ-ერთი, ვინც თვალი დაკარგა.